მედია: ზელენსკი G7 სამიტზე ჰიროსიმაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში G7-ის სამიტზე 21 მაისს ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, კერძოდ, Reuters-ი, Financial Times-ი, New York Times-ი და Bloomberg-ი ავრცელებენ.

მანამდე იყო ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველი პირი სამიტის მონაწილეებს ვიდეოკავშირის მეშვეობით მიმართავს.

უკრაინის მთავრობაში ინფორმაცია ჯერ არ დაუზუსტებიათ.

Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი ჰიროსიმაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, საუდის არაბეთში არაბთა ლიგის სამიტზე დასწრების შემდეგ გაემგზავრება.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს, გააძლიეროს დასავლეთის მხარდაჭერა, ასევე, უზრუნველყოს ინდოეთისა და ბრაზილიის მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან სამიტის წევრები. ეს ორი ქვეყანა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ჯერ არ შეუერთდა.

New York Times-ი ჰიროსიმაში ჩასვლას “ნახევარი მსოფლიოს გავლით გაბედულ მოგზაურობად” აფასებს, რომლის მიზანია – განამტკიცოს იარაღის მიწოდებისა და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება, მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიების მხრიდან.

New York Times-ი ასევე წერს, რომ ზელენსკი, მაღალი ალბათობით, პირისპირ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები