ჰიროსიმაში G7 სამიტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების დაანონსებით დაიწყო
ჰიროსიმაში G7-ის სამიტი დაიწყო. დილიდან ლიდერებმა, ასევე, ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელებმა ქალაქის მშვიდობის პარკში ატომური იერიშის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ხეების დარგვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლიდერები უშუალოდ სამიტის გამართვის ადგილისკენ გაემგზავრნენ, სადაც სულ ცოტა ხანში უკვე პირველი სესია გაიხსნება, რომელიც უკრაინას და მის მხარდაჭერას მიეძღვნება.
გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ვიზიტი იცუკუსიმას სალოცავში, რომელიც იაპონიის სამი ულამაზესი ხედიდან ერთ-ერთია და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
G7-ის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს.
მოსალოდნელია, რომ სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ სურთ, შეზღუდონ რუსული ბრილიანტებით ვაჭრობა.
სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მოსკოვის უფრო დიდი ეკონომიკური იზოლაცია და ომის წარმოების უნარის შესუსტება.
სამიტს 21 მაისს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუერთდება. აქამდე არ იყო დაზუსტებული, რა ფორმით მოხდებოდა მისი მონაწილეობა, თუმცა, უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პირველი პირი ჰიროსიმაში პირადად ჩავა.