უკრაინა და რუსეთი რომის პაპის წინადადებას დათანხმდნენ
უკრაინა და რუსეთი რომის პაპ ფრანცისკეს წინადადებას დათანხმდნენ და მიიღებენ მის სპეციალურ წარმომადგენლებს, შესაძლო ზავის განსახილველად.
ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანის სპეციალური პორტალი – Il Sismografo ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პაპის სპეციალური დესპანების მიღებაზე ორივე ქვეყანასთან პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული.
თუმცა, აღნიშნულია, რომ დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
კერძოდ, იქნება თუ არა ორი წარმომადგენელი თუ მხოლოდ ერთი ორივე დედაქალაქისთვის; მხარეებმა ასევე მოითხოვეს ელჩების შესახებ ინფორმაცია.
გამოცემა Il Sismografo წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში გაემგზავრება იტალიის საეპისკოპოსო კონფერენციის ხელმძღვანელი, კარდინალი მატეო ზუპი, ხოლო მოსკოვში – აღმოსავლეთის ეკლესიების კრების პრეფექტი, არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ კანდიდატურები საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.
აპრილის ბოლოს რომის პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვატიკანი სამშვიდობო მისიაში მონაწილეობს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას. თუმცა, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში განაცხადეს, რომ რაიმე მისიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
რამდენიმე დღის წინ კი ვატიკანს უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა. პაპთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი განიხილეს და ზელენსკიმ რომის პაპს მშვიდობის უკრაინული ფორმულა გააცნო.