ნატოს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხს ივნისში განიხილავენ
ნატოს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში, ალიანსის სამიტამდე განიხილავენ.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხი ომის განვითარების პარალელურად მიიღებოდა.
“თავიდან მნიშვნელოვანი იყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. შემდეგ, გამოჩნდა ჰაუბიცები და საზენიტო იარაღი, შემდეგ კი – ტანკები. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა პოლონეთი და სლოვაკეთი, უკვე მიაწოდა საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა, ისინი ძველი საბჭოთა ტიპის MiG-29-ებია. ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ, საჭიროა თუ არა თანამედროვე დასავლური გამანადგურებლები, ვმსჯელობთ როგორც ნატოში, ასევე, უკრაინაში. ველოდები, რომ ეს თემა ასევე განიხილება ივნისში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
თუმცა, მისი თქმით, იარაღის მიწოდებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
„ეს მოიცავს საბრძოლო მასალების უზარმაზარ რაოდენობას და სათადარიგო ნაწილებს, ასევე, სადღეღამისო ტექნიკურ მომსახურებას”, – განმარტა სტოლტენბერგმა.