CNN: ევროკავშირი “როსატომს”, ამ ეტაპზე, სანქციებს არ დაუწესებს
ევროკავშირი რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია “როსატომის” მიმართ, ამ ეტაპზე, სანქციების დაწესებას არ გეგმავს.
ამის შესახებ CNN-ს ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წევრი ქვეყნები რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას ამცირებენ, მეთერთმეტე პაკეტში ევროკავშირი სანქციების დაწესებას არ აპირებს.
გამოცემის წყაროს თქმით, ევროკავშირს არ სჯერა, რომ მხოლოდ სანქციებით დაწესებით მოხერხდება რუსული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება. მისი აზრით, მიზნის მისაღწევად “სხვა გზებიც არსებობს”.
ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, რა გზებზეა საუბარი, არც ის, გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა წევრ ქვეყნებთან სოლიდარობას, თუ “როსატომის” წინააღმდეგ სანქციების დაწესებას რომელიმე ქვეყანა ბლოკავს.
როგორც ცნობილია, უნგრეთის ხელისუფლება ღიად აცხადებდა, რომ არ დაუშვებს ასეთი სანქციების დაწესებას იმ მიზეზით, რომ ქვეყნის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციის საკითხში, ქვეყანა რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
უკრაინა მრავალი თვის განმავლობაში ითხოვს “როსატომის” წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ამის მიზეზია კომპანიის მონაწილეობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციაში, ასევე ის ფაქტი, რომ “როსტომი”, სავარაუდოდ, ეხმარება სხვა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მათ წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.