Politico: აშშ უკრაინაში ომის გაყინვის კორეის სცენარს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში საომარი მოქმედებების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს, მათ შორის, იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ათწლეულების განმავლობაში გაყინულ კონფლიქტში გადაიზარდოს, როგორც ეს ხდება გაყოფილი კორეის შემთხვევაში.

ამის შესახებ Politico ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ თეთრ სახლსა და აშშ-ის სხვა სახელისუფლებო ორგანოებში უკვე გაიმართა წინასწარი დისკუსია სადემარკაციო ხაზის შესაძლო კონფიგურაციის შესახებ. ერთ-ერთ ვარიანტად იქნა განხილული უკრაინის და რუსეთის შეთანხმება, რომლებიც არ გადაკვეთენ გარკვეულ ხაზს, თუმცა, ოფიციალური საზღვრები გავლებული არ იქნება.

”ეს არის სცენარი, რომელიც შეიძლება, აღმოჩნდეს ყველაზე რეალისტური გრძელვადიან პერსპექტივაში, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი დამარცხების აღიარებისკენ მიდრეკილნი არ არიან. ეს ასევე სულ უფრო სავარაუდო ხდება ადმინისტრაციაში მზარდი განცდის ფონზე, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსებს საბედისწერო დარტყმას ვერ მიაყენებს“, – წერს Politico.

აღნიშნულია, რომ გაყინული კონფლიქტი შეიძლება, იყოს პოლიტიკურად მისაღები გრძელვადიანი შედეგისთვის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან შეამცირებს კიევის მხარდაჭერის ხარჯებს.

სანაცვლოდ, უკრაინას შესაძლოა, შესთავაზონ უსაფრთხოების გრძელვადიანი კავშირები აშშ-სა და ნატოსთან.

„არსებობს აზროვნების სკოლა, რომელიც ამბობს: „ოჰ, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ მარიუპოლი და წვდომა აზოვის ზღვაზე“. არიან სხვები, რომლებიც ნაკლებად არიან ჩაციკლულნი გამყოფი ხაზების განლაგებაზე, სანამ უკრაინა მომავალში უსაფრთხოდ იქნება”, – განუცხადა გამოცემას აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი დისკუსიები ჯერ ადრეულ ეტაპებზეა და აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ომი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აქტიურ ფაზაში დარჩება. შესაბამისად, ამ დროისთვის ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს უკრაინის საჭირო იარაღით და მხარდაჭერით უზრუნველყოფა.

გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ზოგადად, ვაშინგტონისთვის დამახასიათებელია სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარის პარალელურად დაგეგმვა.

“აშშ-ის ზოგიერთი ჩინოვნიკი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ ერთ-ერთი უხეში მოდელი შეიძლება, იყოს კორეის ომის მსგავსი. ამ კონფლიქტში აქტიური საომარი მოქმედებები 1953 წელს ზავით დასრულდა, მაგრამ 70 წლის შემდეგაც კი ომი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადებული არ არის”, – ამბობს “პოლიტიკოს” წყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები