პარლამენტმა „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 80 ხმით, მიიღო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის სუბიექტისა და საზედამხედველო წესების ცვლილებას ეხება.
საკითხის მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ცვლილებებით ახლებურად რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების წესიც, რომელიც უფლებამოსილი პირის ნაცვლად რაიონულ სასამართლოს დაევალება.
„2025 წლის 1-ელ იანვრამდე, თუ ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს ბაზარზე გარკვეულ მოწყობილობას, რომელსაც ეტიკეტირება არ ექნება, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება და ამას არ მოჰყვება ჯარიმა. უკვე შემდგომ პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სააგენტოს არ გააჩნია უფლება ადმინისტრაციული აქტი გამოწეროს, საკითხი გადაეცემა სასამართლოს”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ტერმინოლოგიური სახის ცვლილებებს.