ყატარიდან ანნალენა ბერბოკის გამოფრენა თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გადაიდო

თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბურბოკი ყატარიდან გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყო, ტექნიკური ხარვეზის გამო, დაგეგმილ დროს ვერ გამოფრინდა.

ამის შესახებ Focus-ი წერს.

აღნიშნულია, რომ, ინციდენტის გამო, ბურბოკი ბერლინში დღეს, 18 მაისს დაბრუნდა და არა წინა დღით, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

მედია წერს, რომ ავარიის მიზეზი ბორბლის დეფექტი გახდა, რომელიც სათადარიგოთი შეიცვალა.

ყატარის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან პრესკონფერენციის შემდეგ, აეროპორტში გამგზავრების ნაცვლად, ბურბოკი და მისი დელეგაცია იძულებული გახდნენ დაბრუნებულიყვნენ სასტუმროში.

ანალოგიური ვითარება 15 მაისსაც მოხდა, როდესაც ​ბურბოკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა და, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ყატარში ორსაათიანი დაგვიანებით ჩაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე ანნალენა ბერბოკის ​თვითმფრინავი – Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

მაშინ Spiegel.de-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. თუმცა, საქაერო ნავიგაციაში განაცხადეს, რომ “დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი, და ეს იყო პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ მიიჩნევა“.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავს გაუჭირდა დაშვება და მსგავსი ფაქტი იაპონიაში ვიზიტის დროსაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები