“მოლდოვის დასაცავად ნეიტრალური სტატუსი საკმარისი არ არის” – ნიკუ პოპესკუ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ აცხადებს, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოების ფაქტორი ევროკავშირში შესვლა იქნება.

ამის შესახებ მან NewsMaker-თან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, თუ რა სარგებელი ექნება ქვეყანას ნატოში პოტენციური წევრობისგან, პოპესკუმ თქვა, რომ კონსტიტუციით დადგენილი “ნეიტრალიტეტი” სახელმწიფოს დასაცავად საკმარისი არ არის.

„მოლდოვის კონსტიტუცია მიღებულია 1994 წელს. შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.  რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის გარდა მოლდოვას მეგობრებიც ჰყავდეს”, – თქვა დიპლომატმა.

მან აღნიშნა, რომ პატარა სახელმწიფოსთვის გეოპოლიტიკაში ყველაზე საშიშია „მარტო ყოფნა“.

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ მარტონი პრობლემურ რეგიონში”, – თქვა პოპესკუმ.

ამ კონტექსტში მან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ,,მოლდოვისთვის უსაფრთხოების ფაქტორი,, უწოდა.

“ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, გავიგოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა მარტო არ არის პრობლემების მთელ სპექტრში. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუმინეთთან და რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რაც  უნდა მოხდეს რეგიონში, რუმინეთი მოლდოვას მარტო არ დატოვებს. ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებსა და უკრაინასთან, შეერთებულ შტატებსა და იაპონიასთან, კანადასთან, ყველასთან, ვისაც სურს რეფორმების გაგრძელება მოლდოვაში, რომ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა მომავალშიც შევძლოთ“, – თქვა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები