უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ბახმუტზე შეტევას კვლავ აგრძელებენ.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქის ირგვლივ რამდენიმე ადგილას საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
„ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა ივანივსკის მიმართულებით“, – განაცხადეს უკრაინის გენერალურ შტაბში.
ბახმუტიდან გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენებია ინტენსიური დაბომბვა და მძიმე ნგრევა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ბოლო რაიონში, სადაც უკრაინული ძალები იმყოფებიან.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქში, რუსები აგრძელებენ კუპიანსკის სექტორში „ტაქტიკური მდგომარეობის“ გაუმჯობესებას.