“ზელენსკი მზად არის აფრიკული დელეგაციის მისაღებად და უკრაინულ სამშვიდობო გეგმაზე სასაუბროდ” – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აფრიკის რამდენიმე ქვეყნის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება.

ზელენსკის სპიკერის თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ 13 მაისს სატელეფონო საუბრისას უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ სურს, აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს მისიის ფარგლებში, კიევს ეწვიოს.

“უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა ასეთ სამშვიდობო ინიციატივას. ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მიიღოს მაღალი რანგის სტუმრები უკრაინაში, მოისმინოს მათი წინადადებები, ისაუბროს მშვიდობის უკრაინულ ფორმულაზე და მოიწვიოს ისინი, შეუერთდნენ მის განხორციელებას”, – თქვა სპიკერმა.

აფრიკის ქვეყნების ე.წ.სამშვიდობო ინიციატივის შესახებ 16 მაისს გახდა ცნობილი, როდესაც სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ სურს შესაბამისი ინიციატივის წარდგენა აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მისიის ფარგლებში. მისი თქმით, მისიაში მონაწილეობას მიიღებენ ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, უგანდა, სენეგალი, ზამბია და კონგოს რესპუბლიკა. რამაფოსამ თქვა, რომ აფრიკის ლიდერების დელეგაცია, კიევსა და მოსკოვში აპირებს ჩასვლას და რაც შეიძლება მალე წარადგინოს საკუთარი გეგმა.

საკითხის კომენტირებისას დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აფრიკული სამშვიდობო გეგმას “ქაღალდზე” ჯერ არ უნახავს.

„ჩვენ გამოვეხმაურეთ ლათინოამერიკელი, აფრიკელი მეგობრების მიმართვას, რომ მზად ვართ, განვიხილოთ მათი ნებისმიერი წინადადება, რომელიც ნაკარნახევია გულწრფელი სურვილით, რომ მსოფლიო წესრიგის სტაბილიზაცია მოხდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი ჩინელი მეზობლებისგან განსხვავებით, არც ბრაზილიელებისგან და არც აფრიკელებისგან ქაღალდზე არაფერი გვინახავს“, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები