ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამაც რომ გამოხატოს ხანდახან მაინც მადლიერება ისეთ თემებზე, სადაც კითხვის ნიშნები არ არსებობს, კარგი იქნებოდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში უფრო მეტი კითხვა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ისმება – ლოგიკურია.
მისივე თქმით,
ოპოზიციამ ხანდახან მაინც რომ გამოხატოს მადლიერება ისეთ თემებზე, სადაც კითხვის ნიშნები არ არსებობს,
კარგი იქნებოდა.
„მინისტრი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის შემადგენელი ნაწილი, გუნდის ერთ-ერთი წევრი. რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს აქვს მინისტრთან კომუნიკაციის ბევრად უფრო ფართო საშუალება, როგორც გუნდის წევრთან, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ქვეყანაში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მეტი კითხვა საპარლამენტო ფორმატში ისმება ოპოზიციის მხრიდან და არა უმრავლესობის მხრიდან. გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ასეთ სისულელეს აღარ ჩაწერენ საკუთარ ანგარიშებში – არ შეიძლება, ამ დონეზე არაკომპეტენტური ხალხი მუშაობდეს ყველაზე მდიდარ „ენჯეოებში“. შენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი რომ მოდის პარლამენტში, იქ კითხვებიც ისმება და მადლიერების გამოხატვაც არის ჩვეულებრივი ამბავი. ოპოზიციამაც რომ გამოხატოს ხანდახან მაინც მადლიერება ისეთ თემებზე, სადაც კითხვის ნიშნები არ არსებობს, ესეც კარგი იქნებოდა“, – აცხადებს კობახიძე.