“რუსული თვითმფრინავი ჩვენთან კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, 19 მაისს კოლონით წავალთ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად” – ელენე ხოშტარია

„რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თვითმფრინავებსა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, 19 მაისს აქცია გაიმართება. „დროას“ ლიდერის თქმით, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონებით გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, სადაც საქართველოში „აზიმუტის“ ჩამოფრენას გააპროტესტებენ.

„ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის – ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში და არის აკრძალული, იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომლებიც დღეს ბომბავენ უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ „აკრძალულია შენი ფრენა“. აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა „მობრძანდით და იფრინეთო“.

ასევე, ავიაკომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც, ერთ-ერთი მეწილეც არის ჩახუტებული პუტინთან, მოღალატე,სისხლში ამოსვრილი ადამიანი, სწორედ ისევე ამოსვრილი, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში. ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ უწერია როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, „ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

რა გააკეთა მთავრობამ, გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა ?! სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და 2 საათში მოხსნეს საიტიდან ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან ანუ ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც ჩვენ გვაყენებს მორიგი ამოცანის, ვალდებულების, პასუხისმგებლობის წინაშე. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდში, ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები