მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მერვე ტრანშის გამოყოფა დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო – „ანსა“ ავრცელებს.
„უნგრეთმა, გასაოცრად, დღეს დაბლოკა ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მერვე ტრანშის გადახდა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ.
მედიის ცნობით, აღნიშნული თანხის გამოყოფა მომდევნო ორშაბათს იგეგმებოდა.
ოფიციალურმა ბუდაპეშტმა მოითხოვა გარანტიები, რომ EPF შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის.
ცნობისთვის, ევროპული სამშვიდობო ფონდი 2021 წელს შეიქმნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.