ჯანმო მოსკოვში არაგადამდები დაავადებების პრევენციის ოფისს ხურავს
ჯანმო-ს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისი მოსკოვში დაიხურება.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
„დღეს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 28 ქვეყანა იღებს უკრაინაში ომის მსხვერპლს. 40-ზე მეტი ქვეყანა დროებით იღებს ლტოლვილებს უკრაინიდან. ეს არის უმრავლესობა. ამ ძლიერი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მოსკოვში არაგადამდები დაავადებების ოფისის დახურვისა და კოპენჰაგენის ოფისისთვის მისი ფუნქციების დელეგირების საკითხში. განსაკუთრებული მადლობა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი ფინანსური წვლილი, რისი წყალობითაც მიღწეული იქნა სრული დაფინანსება მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ჯანმო-ს რეგიონული კომიტეტის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილება ევროპის რეგიონის ერთიანი ხედვის დემონსტრირებას ახდენს და მოსკოვში ოფისის დახურვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის რუსეთის ფედერაციის დატოვების პირველი წარმატებული მაგალითია.