იენს სტოლტენბერგი: ნატოს გადაუდებელი ამოცანა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა
ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.
„ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი.
ნატოს ამოცანაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, როგორც ამას ნატოს მოკავშირეები და ნატო აკეთებენ უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ ასევე თავიდან აიცილონ ამ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა შეიარაღებული იყოს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ახლა და მომავალში.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ როდესაც ის დასრულდება, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ისტორიის გამეორება“, – დასძინა მან.