კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. უწყების ცნობით, სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსის ინსტრუქტორმა და კადეტებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიაზე, ლიცეუმში ცხოვრების პირობებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„8 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე იგეგმება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერონ და ლიცეუმის საცხოვრებელ პირობებს გაეცნონ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ყოველწლიურად ახორციელებს. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ ვებ გვერდზე – cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი. ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
გასულ წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.