“რუსეთი თურქეთის არჩევნებში არ ერევა” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საარჩევნო პროცესებში.

პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, პესკოვმა თქვა, რომ “არ ვიცი, რა გახდა ასეთი მიმართვების მიზეზი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვამტკიცებთ, რომ არ ვერევით უცხო სახელმწიფოების საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში”.

მან დასძინა, რომ ქილიჩდაროღლუმ უნდა გაიხსენოს ამერიკელების ამბავი, როდესაც ისინი დიდხანს იმეორებდნენ, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს გამოძიებაზე და შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ჩარევა არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) გენერალურმა მდივანმა და “ერთა კავშირის” კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი ყალბი მასალების გავრცელებასა და შეთქმულებაში დაადანაშაულა.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ “ტვიტერში” რუსულ და თურქულ ენებზე დაწერა: “ძვირფასო მეგობრებო, რუსებო, თქვენ დგახართ იმ მონტაჟების, შეთქმულების, Deep Fake-ის ​და ჩანაწერების უკან, რომლებიც გუშინ ამ ქვეყანაში გავრცელდა. თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, მოერიდეთ თურქეთის სახელმწიფოს. ჩვენ თანამშრომლობის და მეგობრობის მომხრე ვართ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები