ზელენსკის ოფისი უარყოფს, რომ “ევროვიზიის” ორგანიზატორებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის მიმართეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატს სიმღერის კონკურს “ევროვიზიის” ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინადადებით არ მიუმართავს.

ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„The Times-ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუმართავს “ევროვიზიის” ორგანიზატორებისთვის შეთავაზებით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გამოსულიყო კონკურსის ფინალურ ან ნებისმიერ სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

The Times-ის ​ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისმ BBC-მ და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებმა „ევროვიზია 2023“-ის კონკურსის მსვლელობისას აუდიტორიისთვის მიმართვაზე უარი უთხრეს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას, 160-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ვიდეომიმართვით გამოსულიყო და, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა, კონკურსის ორგანიზატორებმა უარით უპასუხეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ ვიდეომიმართვა კონკურსის პოლიტიზებას გამოიწვევდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) რომელიც 100-ზე მეტ მაუწყებელს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსის ერთ-ერთი ძირითადი წესი აპოლიტიკურობაა, შესაბამისად, ზელენსკის მოთხოვნა „ევროვიზიის“ კონკურსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“მუსიკალური კონკურსი “ევროვიზია” საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრ წესებს და პრინციპებს ექვემდებარება, რომელიც მისი შექმნის დროიდან იყო დაწესებული. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა. ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკური და მსგავსი სახის განცხადებების კეთებას კრძალავს”, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები