Hürriyet: მოახდენს თუ არა გავლენას თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნა
თურქეთის “პარტია სამშობლოს” ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის, მუჰარემ ინჯეს მიერ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნა ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვებაში ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წერს.
გაზეთის ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველ ტურშივე გაიმარჯვებს.
“სანდო ფირმების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელსაც მე რეგულარულად ვადევნებ თვალს, ქილიჩდაროღლუ 47 პროცენტს ვერ გადააჭარბებს. მუჰარემ ინჯის გასვლა ქილიჩდაროღლუს არ უშველის. სანდო გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანმა 50 პროცენტს გადააჭარბა. არჩევნები დასრულდება პირველ ტურში, ერდოღანი გაიმარჯვებს და 50 პროცენტზე ოდნავ მეტს მიიღებს, რადგან ხალხი იტყვის ბოლო სიტყვას და არა – გამოკითხვები“, – წერს გაზეთის მიმომხილველი, აბდულქადირ სელვი.
მასალაში არ არის დაზუსტებული, თუ რომელ გამოკითხვას ეყრდნობა ჟურნალისტი, თუმცა, 11 მაისს კომპანია Konda Research-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის ახალი შედეგები, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 2,2% იყო მზად – ხმა მუჰარემ ინჯეს სასარგებლოდ მიეცა, მაშინ როდესაც ორი კვირით ადრე მას 4,3%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ასევე, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 43,7% დაუჭერს მხარს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს – 49,3%. რაც შეეხება პრეზიდენტობის მეოთხე კანდიდატს, რომელიც დასავლეთის კრიტიკით არის ცნობილი, სინან ოღანს – მას თურქების მხოლოდ 4,8% უჭერს მხარს.
რაც შეეხება Konda Research-ს – ის არის ანონიმური კომპანია, რომელიც 1986 წელს დაარსდა. 2010 წლის მარტიდან KONDA ადგენს ყოველთვიურ „ბარომეტრებს“, რომელიც შედგება 1800-დან 3600-მდე ადამიანზე ჩატარებულ გამოკითხვას. კომპანია იკვლევს საზოგადოების აზრს ქვეყნის თანამედროვე პრობლემებზე, როგორებიც არის – ნაციონალიზმი, ჰიჯაბი, შეხედულებები კომპანიებისა და ფინანსების შესახებ, პოლიტიკური სიმპათიები, ასევე, კანონი და სამართლიანობა.
KONDA იყო ერთ-ერთი კვლევითი კომპანია, რომელიც აქტიურობდა 2015 წლის ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე, 2015 წლის ივნისის საყოველთაო არჩევნებზე, 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მათი ბოლო გამოკითხვა, რომელიც უკავშირდებოდა 2015 წლის ივნისის საყოველთაო არჩევნებს, ძალიან ახლოს იყო საბოლოო შედეგთან.