ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების თაობაზე იმსჯელეს
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხაზით სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების მაჩვენებელი 106%-ია. ცალკეული პროგრამების მიხედვითაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს და მნიშვნელოვან გადაცდომას და პრობლემას ნაკლებად ველოდებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე იმსჯელა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სამი თვის შედეგების მიხედვით, საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციაა.
„პირველ კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა გვქონდა – 7,2%. 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 5% ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამაზეა ბიუჯეტი აწყობილი. თუმცა მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გადავხედოთ წლიურ მონაცემებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო კვარტლებშიც, შესაძლებელი იქნება, უკვე ექვსი თვის ანალიზით, არსებულ პროგნოზებში გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ. ინფლაცია, როგორც პროგნოზირებული იყო, მცირდება და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლები იქნება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი ინფორმაციით, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლებმა 4 მილიარდ 610 მილიონ ლარს მიაღწია, რაც დაგეგმილის 101,2%-ია, გრანტები შესრულდა 119%-ით, სხვა შემოსავლები კი – 138%-ით. სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს რაც შეეხება, ყველა მიმართულებით არის გადაჭარბება.