ტრამპი უარს ამბობს, რომ პუტინს “სამხედრო დამნაშავე” უწოდოს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა – რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავების ორდერი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს გაცემული.
ამის შესახებ ტრამპმა ამომრჩევლებს ნიუ-ჰემფშირში CNN-ის ღონისძიების დროს უთხრა.
„თუ თქვენ იტყვით, რომ ის არის სამხედრო დამნაშავე, ამ ომის შესაჩერებლად გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა. თუ ის სამხედრო დამნაშავეა, ხალხს მოუნდება მისი დაჭერა და დასჯა, და ის ბევრად უფრო ძლიერად იბრძოლებს, ვიდრე სხვა გარემოებებში“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პუტინს “ჭკვიანი კაცი” უწოდა, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ლიდერმა “უზარმაზარი შეცდომა დაუშვა”.
“რა თქმა უნდა, ის ჭკვიანია. მათ უნდათ, ვთქვათ, რომ ის სულელია. ის სულელი ადამიანი არ არის და ძალიან ცბიერია. ჩემი აზრით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა”, – თქვა ტრამპმა.
როდესაც მას სთხოვეს, დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობს დაშვებულ შეცდომაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ “მისი შეცდომაა, რომ ის შევიდა (უკრაინაში). ის არასოდეს შევიდოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი”.
ტრამპს ასევე არ დაუზუსტებია, თუ ვისი გამარჯვება სურს უკრაინაში, მაგრამ თქვა, რომ უნდა, “სიკვდილი შეწყდეს”.
გარდა ამისა, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ზედმეტად ბევრ იარაღს აწვდის, ასევე, ევროპამაც უნდა გააკეთოს მეტი.