“პუტინის დაკავებას ვერავინ გაბედავს” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა, გამოყენებული იყოს.
ამის შესახებ მან სერბულ ტელეარხ ATV-სთან ინტერვიუში თქვა.
„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაზე, ერთ-ერთ უდიდეს ბირთვულ ძალაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ სერიოზულადაც კი იფიქროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ ამ ორდერის გამოყენებაზე. ამაზე ფიქრიც კი რთულია“, – თქვა მან.
პესკოვის თქმით, პუტინის წინააღმდეგ ICC-ის ორდერი „პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მართლაც არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სუვერენიტეტის ძალიან ძლიერი დეფიციტი და ამ ქვეყნებს, წმინდა ჰიპოთეტურად, შესაძლოა – ჰქონდეთ სურვილი, შეასრულონ ეს ორდერი, თუ ასეთი შესაძლებლობა მიეცემათ“.
კრემლის სპიკერმა გაიხსენა, რომ „რუსეთი არ არის რომის სტატუტის მხარე“.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ICC-ის გადაწყვეტილებებს, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა. ამ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ ეს საერთაშორისო ორგანო, რეალურად, არის მარიონეტული ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ხელში, რომელიც იყენებს მას საკუთარი მიზნებისთვის, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე. მათ ეს არ არ გამოუვათ”, – თქვა პესკოვმა.