განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისი კარგი ეკონომიკური ტენდენციებით გამოირჩევა. „პირველ კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,2 პროცენტი გვქონდა, უფრო მაღალი, ვიდრე წლიური გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლავე შეგვიძლია გადავხედოთ და შევცვალოთ წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დინამიკა ნამდვილად დადებითია, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია განახლებული პროგნოზების შესახებაც ვიფიქროთ”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, გასულ წელს მთავარი გამოწვევა ინფლაცია იყო, მარტში კი ინფლაციის დონემ 5,3% პროცენტი შეადგინა და მოლოდინია, რომ ინფლაცია კლებადი იქნება.

„ვალუტის კურსი წლის დასაწყისიდან საკმაოდ გამყარებულია, დღეის მონაცემებით, ერთი დოლარი 2,5 ლარს შეადგენს. დადებითია დინამიკა საგარეო სავაჭრო სექტორში – ბრუნვამ 4 მლრდ 783 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22,1%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი რჩება ტურიზმს, რათა მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდოს მიღებული შემოსავლები. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილებიც”, – განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლებმა 4 მილიარდ 610 მილიონ ლარს მიაღწია, რაც დაგეგმილის 101,2%-ია, გრანტები შესრულდა 119%-ით, სხვა შემოსავლები კი – 138%-ით. სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს რაც შეეხება, კაკაურიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით არის გადაჭარბება, საკმაოდ კარგია შესრულება სამინისტროების კუთხითაც, მათ შორის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100,5%-ს შეადგენს, შესაბამისად, ყველა პროგრამაში არის 99-100%, რიგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები