WP: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში შორი მოქმედების რაკეტების გასაგზავნად არის მზად

დიდი ბრიტანეთი მზად არის, კიევში შორი მანძილის რაკეტები გაგზავნოს, რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია დიდი ხანია, უარს ამბობს.

ამის შესახებ The Washington Post-ი​ უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდის (IFU) შესყიდვის მასალებზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტის მიხედვით, ფონდის წევრებს სთხოვეს „გამოეხატათ დაინტერესება“, რომ უკრაინას 300 კილომეტრამდე დარტყმის მიყენების შესაძლებლობა ჰქონდეს. მონაწილეებს პასუხის გასაცემად სამი დღე მისცეს.

WP-ს ​ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მას ასევე არც მიწოდების ვადები, განსახილველი იარაღის ტიპი და არც რაოდენობა დაუზუსტებია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამინისტროს შეტყობინება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრიტანეთმა თავად მიაწოდოს ასეთი იარაღი უკრაინას”.

გაზეთი მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი მახასიათებლები შეესაბამება ბრიტანული Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც შესაძლოა, დამონტაჟდეს საბჭოთა წარმოების უკრაინულ თვითმფრინავებზე.

WP აღნიშნავს, რომ პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებში იყო საუბარი იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფო აპირებს, გაუგზავნოს უკრაინას დაუზუსტებელი რაოდენობის Storm Shadow რაკეტები, ისევე – როგორც ბრიტანელი პერსონალი.

თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი აპირებს იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას უფრო დიდი დისტანციის იარაღს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები