ISW: პუტინი აღლუმს ცენტრალურ აზიაში გავლენების შენარჩუნების დემონსტრირებისთვის იყენებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წითელი მოედნის აღლუმს ცენტრალურ აზიაში კრემლის გავლენების შენარჩუნების დემონსტრირებისთვის იყენებს.

ამის შესახებ აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი.

არსებული ინფორმაციით, აღლუმს დაესწრება ყაზახეთის პრეზიდენტი, ქასიმ-ჯომარტ ტოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი.

გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ პუტინის მიწვევა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა მაინც მიიღო და ასევე დაესწრება ღონისძიებას.

ამასთან, 2022 წელს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია, ხოლო ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამ წელს აღლუმი არ გამართულა.

ISW-ში აღნიშნავენ, რომ ცენტრალური აზიის ლიდერების დასწრების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ, კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, მათ არ სურთ ომის პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერის დემონსტრირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები