ვინ დაესწრება წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმს
მოსკოვში ხვალ, 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს წითელ მოედანზე დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა ნაწილი დაესწრება.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი გაემგზავრა.
მისი პრესმდივნის, შერზოდ ასადოვის ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და სომხეთის ლიდერებიც.
კრემლის ლიდერმა დღეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავი საქართველოს და მოლდოვის ხალხებს, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ლიდერებს მიულოცა.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავს ულოცავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას ხალხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინი აღნიშნავს, რომ ამ დღეს „ღრმა პატივისცემით მივაგებთ პატივს“ ყველას, ვისმა გმირობამ ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება გახადა შესაძლებელი, ასევე, სამშობლოს თავისუფლების დაცვა.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისს ტრადიციული, საბჭოთა მნიშვნელობა შეუცვალა და ამიერიდან ამ დღეს, 8 მაისის ნაცვლად, “ევროპის დღედ” აღნიშნავენ.
ცნობილია, რომ ხვალ კიევში ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავა.