ლევან ბეჟაშვილი – „გირჩის“ ტრენინგებზე: ასეთ თემებზე საუბარი კანონმდებლობით აკრძალული არ არის მანამ, სანამ ეს კონკრეტულ მოქმედებებში არ გამოისახება
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი „იმედის კვირის“ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაგუნდელების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ეხება.
“ასეთი თავშეყრა და ასეთ თემებზე საუბარი კანონმდებლობით აკრძალული არ არის მანამ, სანამ ეს კონკრეტულ მოქმედებებში არ გამოისახება. ჩვენ უნდა მივიჩნიოთ ეს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის საარჩევნო ტაქტიკად, ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად და ვერაფერს კანონსაწინააღმდეგოსა და სკანდალურს ამ ჩანაწერში ვერ ვხედავ“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ წყარომ მიაწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად.