მიხეილ სარჯველაძე – „გირჩის“ ტრენინგებზე: ეს არ არის ის, რაც თავსებადია თანამედროვე, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „იმედის კვირის“ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაგუნდელების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ეხება.
„სამწუხაროდ, ბატონი ჯაფარიძე არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებებში, რომლებსაც აღარ შეიძლება, ვუწოდოთ უბრალოდ დესტრუქციულობა. ეს სულ უფრო მეტად და მეტად იღებს საშიშ ხასიათს, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა არა უბრალოდ ნარატივი, არამედ კონკრეტული გეგმების განხორციელებაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის, სპექტაკლების გათამაშების სურვილს. ერთია, რომ არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რეალურად ეს ყველაფერი დაატრიალოს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ის, რაც თავსებადია თანამედროვე, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ბუნებრივია, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ წყარომ მიაწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად.