ვახტანგ გომელაური: კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს
საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი. მე გელაპარაკებით ციფრებით და ფაქტებით. მომიყვანეთ ფაქტები და დაგეთანხმებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს პირველად მოხდა, რომ საქართველოში მკვლელობის 74 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც 2012 წლამდე 300-დან 350 მკვლელობის ფაქტი ფიქსირდებოდა.
„რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს ამბობთ, რომ კრიმინალი გაზიარდა. მაგალითად, შარშან პირველად მოხდა საქართველოში, რომ მკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, როდესაც იყო 300-350 შემთხვევა, მინდა – ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად 2012 წლამდე. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 ფაქტი, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა, ეს უბედურებაა. არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს. ეს ციფრებია, რომელიც ჩვენს საიტზე ღიად დევს და ნახეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი. მე გელაპარაკებით ციფრებით და ფაქტებით. მომიყვანეთ ფაქტები და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება სადაც სისხლის სამართლის საქმე იღძვრება“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გახსნილია დანაშაული, დაკავებულია ბრალდებული.
„გუშინ მოხდა ნამდვილად ცუდი შემთხვევა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი. ის არის ჩვენი დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც კერძო პირთან მუშაობდა დაცვაში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.