„დაისის“ ტრიუმფალური დაბრუნება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე

ფოტოგრაფი - ლადო ვაჩნაძე

„დაისის“ პრემიერამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი ტრიუმფით ჩაიარა. სპექტაკლის დასასრულ,  მაყურებელი ვერ ფარავდა აღფრთოვანებას, “ბრავოს” შეძახილები და ხანგრძლივი ოვაციები დიდხანს არ ნელდებოდა. 29 და 30 აპრილი იყო მუსიკის, ხელოვნების ნამდვილი ზეიმი. მოწოდების სიმაღლეზე იყო ყველა – თეატრის ახალგაზრდა სოლისტები, სახალხო არტისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

“დაისის“ პირველი დადგმიდან 100 წელი გავიდა. თბილისის ოპერის თეატრმა ახალი დადგმის პრემიერა სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვია.

რევაზ ტაკიძე  – დამდგმელი დირიჟორი: „დაისის“ პრემიერიდან გავიდა 100 წელი. ამ საიუბილეო თარიღისთვის ძალიან გულდასმით ვემზადებოდით. ეს არის ახალი დადგმა. „დაისი“ საყვარელი ოპერაა არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, არამედ – ყველასთვის. რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა? არაჩვეულებრივი ლიბრეტო აქვს. მუსიკალურ-სცენური სახეები საოცრად არის ჩამოყალიბებული, რასაც იშვიათად ნახავთ სხვა ოპერებში. მთელი მუსიკალური საზოგადოება ელოდებოდა ამ ოპერის დაბრუნებას.“

გოჩა კაპანაძე – დამდგმელი რეჟისორი: „ძალიან ვღელავდით, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ დიდი ხანია, „დაისი“ არ დადგმულა ქართულ სცენაზე, მეორე მხრივ, რომ სრულდება 100 წელი ამ ოპერის დაწერიდან. გიზო ჟორდანიას უნდა დაედგა ეს ოპერა. ახლა მე მომიწია დადგმა, მის მოწაფეს. შესანიშნავი მომღერლები ასრულებენ, შესანიშნავი მხატვრობაა, შესანიშნავი ქორეოგრაფია. ამ ოპერაში სიყვარულის ისტორია თავისი ტრაგიზმით სამშობლოს ბედისწერასთან არის გადაჯაჭვული. ეს ყველაფერი უფრო ახლებურად არის დანახულიყო, უფრო მეტი დრამატიზმი გაჩნდა, ურთიერთობაში უფრო მეტი მძაფრი გრძნობები გაჩნდა. პირველად შესრულდა „თავი ჩემო“-ს ინტერმეცო, რომელიც  არასოდეს გაჟღერებულა ფალიაშვილის შესრულების შემდეგ, რაც ჩვენთვის დამატებითი მუხტიც არის და დამატებითი პასუხისმგებლობაც. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბადრი მაისურაძეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ოპერის თეატრში გამეკეთებინა სპექტაკლი“.

გიორგი ალექსი მესხიშვილი – სცენოგრაფი, განათების და კოსტიუმების ავტორი: „სხვანაირად არის დანახული „დაისი“. მე არ მაქვს აქ ურმები, არ მყავს გლეხები და თავადები. აქ გუნდი არის მასა, რომელიც ფონს ქმნის. იდეა იყო ის, რომ აქ ფშავ-ხევსურეთის თემა გადმომეტანა კოსტიუმებშიც და დეკორაციებშიც. უფრო სიმბოლოები იჩენს აქ თავს – მზე, ნატვრის ხე, რაც აბსტრაგირების საშუალებას იძლევა. არ მინდოდა გამეორება იმისა, რაც სხვებს აქვთ გაკეთებული. ამ სპექტაკლის გაკეთებას ჩემი მხრიდან დასჭირდა 1 წელი, მოფიქრება, მაკეტის და კოსტიუმების გაკეთება, შესრულება. ძალიან დიდი შრომა ჩატარდა. ერთია მაკეტის და დეკორაციის გაკეთება და მეორეა ამის დადგმა და ათვისება სცენაზე.“

ილიკო სუხიშვილი – ქორეოგრაფი: „დიდი ილიკოსთვის, ბაბუისთვის, თბილისის ოპერის თეატრი იყო ძალიან მშობლიური ადგილი. ფაქტობრივად, აქ დაიწყო მისი მოღვაწეობა, ნინოც აქ გაიცნო და ძალიან ბევრი აკავშირებდა ოპერასთან. ქართულ ოპერებში, სადაც ქართული ქორეოგრაფიული პარტიები იყო, ზაქარია ფალიაშვილი ბაბუას ეძახდა და ისინი ერთად მუშაობდნენ ამ ოპერებზე. მაშინ ნამდვილი პრემიერები იყო. იმის მერე 100 წელია გასული. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მუსიკა არის კლასიკური, იმას ვერ შეცვლი და ამიტომ ქორეოგრაფია დიდად არ იცვლება. ჩვენ შევეცადეთ აღგვედგინა ცეკვები ისე, რომ არ შეცვლილიყო კლასიკური სტილი და ყოფილიყო ის ხასიათი, ის შეგრძნება, ის გარემო, რაც ოპერა „დაისს“ ახლავს. ჩემთვის ეს პირადად ყველაზე საყვარელი ოპერაა ქართულ ოპერებში. დიდი სიხარულით მონაწილეობს ყველა მოცეკვავე ამ პროექტში“.

ნინო სუხიშვილი – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ დირექტორი: „განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ 100 წლის წინ დიდი ილიკო სუხიშვილი მონაწილეობდა ცეკვების დადგმაში და 16 წლის ბიჭი თვითონ ცეკვავდა წამყვან პარტიებს ამ ოპერაში. როგორც თვითონ იხსენებდა, ზაქარია ფალიაშვილი მას ფაეტონით გამოუვლიდა სახლში და მოჰყავდა რეპეტიციებზე. ახლა თითქოს მეორდება ისტორია. 100 წლის შემდეგ უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა გააკეთა „დაისის“ ქორეოგრაფია. ეს არის უფრო თანამედროვე გადაწყვეტა“.

თამარ ჩხეიძე – ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „დაისი“ დაუბრუნდა თბილისის ოპერის სცენას იმიტომ, რომ ეს ოპერა ძალიან უყვარს და ენატრებოდა ქართველ ხალხს. საოცრად ვისიამოვნე ამ შესანიშნავი დადგმით. დიდი მადლობა თეატრის ხელმძღვანელობას ასეთი საჩუქრისათვის“.

ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი: „დღეს არის განსაკუთრებული დღე, ეროვნული დღესასწაული. როგორც კი გაიხსნა ფარდა, პუბლიკას შეექმნა განწყობა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ „დაისი“ ქართულია, ეროვნულია. და როდესაც ეს შენ გეხება, უკვე ემოციური ხდები. მე მინდა, მივულოცო თეატრს ეს წარმატება. დღეს არის დღესასწაული ოპერის თეატრში“.

მარინა კახიანი – მსახიობი: „ ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ არის ჩვენი საგანძური. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება 100 წლის იუბილეს დავსწრებოდი. შესანიშნავი მომღერლები, შესანიშნავი დადგმა, შესანიშნავი მხატვრობა“.

„დაისის“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  5, 6, 7, 12, 13, 14 მაისს გაიმართება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები