გიორგი ცუცქირიძე – „აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2, 7 % შეადგინა, ფაქტობრივად, ეს მიზნობრივი ინფლაციის დონეა“

„აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2, 7 % შეადგინა, ფაქტობრივად, ეს მიზნობრივი ინფლაციის დონეა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„მოგეხსენებათ, ბოლო 2 წელია, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც ორნიშნა მაჩვენებელშია ასახული. მაგრამ მოსახლეობისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფლაცია და, მეორე მხრივ, ვალუტის გაცვლითი კურსი იყო, რომელიც ბევრ ფაქტორზე ზემოქმედებს. თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან ასევე ინფლაციაზეც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ სასურსათო პროდუქციის და არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციის, არამედ სამრეწველო პროდუქციის არცთუ მცირე ნაწილი გარედან შემოდის, ანუ იმპორტირებულია. ინფლაციის მდგენელში დიდი ნაწილი – 70-80 % იმპორტირებული ინფლაციის წილია, ანუ გარედან შემოსული ინფლაციაა. ვნახეთ, რომ შარშანაც და შარშანწინაც ორნიშნა ზრდა გვქონდა, მაგრამ მაღალი იყო ინფლაცია. შარშან, წლის პირველი ნახევრის ბოლოს 11 %-საც კი ასცდა, დაახლოებით, 11, 4 % იყო. ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. მაღალი ინფლაცია სხვა ნეგატიურ მაკროფაქტორებსაც იწვევს. პირველ რიგში, ესაა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ბანკების მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს, ბუნებრივია, საბანკო პროცენტსაც აძვირებს. ახლა ვხედავთ, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, მარტში 5 %-ზე ცოტათი მეტი იყო, უკვე დღეს აპრილის მონაცემსაც ვხედავთ: ბოლო წლებში ინფლაცია ისტორიულ მინიმუმზეა, წლიურმა ინფლაციამ 2, 7 % შეადგინა, ფაქტობრივად, ეს მიზნობრივი ინფლაციის დონეა. მოგეხსნებათ, მიზნობრივი ინფლაცია, ეროვნული ბანკის პოლიტიკით 3 %-ის ფარგლებშია. ჩვენი პროგნოზი, რომ კურსი გამყარდებოდა და ინფლაციაც წლის პირველ ნახევარში მიზნობრივს მიუახლოვდებოდა, ფაქტობრივად, რეალურია. ფაქტობრივად, წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„რა ფაქტორებმა გამოიწვია გაცვლითი კურსის გამყარება და მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლის გასწორება: ეს უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ვგულისხმობ მთავრობის პოლიტიკას, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებებს, რომელიც დაკავშირებულია ფასების კორექციასთან. მოგეხსენებათ, მთავრობას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით რამდენიმე ინიციატივა ჰქონდა. ფასები ძალიან მაღალი იყო ნავთობპროპოდუქტებზე, საწვავზე და ახლა შემცირებულია. ასევე, მაღალი ფასები იყო მედიკამენტებზე. დაიწყო რეფერენტული რეფორმა,  რომელიც ფასებზე მნიშვნელოვან კლებას ითვალისწინებს. მთელ რიგ შემთხვევებში საწვავის ფასი შემცირებულია 40-50 %-ით. ეს ეხება ყველა ტიპის საწვავს. ეს არ არის მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების კლების გამო. ამ კუთხით უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ წარმატებულია. აქ ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასაც ვგულისხმობ.

ამ ყველაფრის შედეგები რომ შევაჯამოთ: ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ პირველ კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მართალია ორნიშნა არ არის, მაგრამ აპრილსა და მარტში 7, 5 %-ია. იგივე მაჩვენებელი პირველ კვარტალში რომ ავიღოთ, დაახლოებით 7, 2 %-ია. ეს რეგიონსა და ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. შარშან წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა, ანუ ეს ბაზისური ეფექტია. ლაპარაკი იმაზე, რომ წელს ზრდა შენელებულია, სუბიექტურია. ჩვენ უნდა შევაფასოთ , როგორი ზრდა იყო წინა წელს. სახეზეა მაღალი ბაზისური ეფექტი. როცა შარშან, პირველ კვარტალში 16 %-იანი ზრდა იყო, ახლა 7, 2 -იანი ზრდა გვაქვს, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მომავალ კვარტლებში, თუნდაც მეორე კვარტალში კიდევ უფრო მაღალ ზრდას ველოდებით. ჩემი შეფასებით იქნება 7, 2 %-ზე მაღალი, სავარაუდოდ, 8 , 5%-საც კი ასცდება.
მეორე კვარტალში ველოდებით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად მიზნობრივ მაჩვენებელთან იქნება. ამის შედეგი იქნება ის, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს – 10, 5-დან სულ მცირე 8, 5 %-მდე დაიწევა. ამას, ალბათ, ეტაპობრივად გააკეთებს. ეს საბანკო პროცენტსაც გააიაფებს. შემცირებული საბანკო პროცენტი, თავის მხრივ, თავისებურად , ეკონომიკის სტიმულატორია. ანუ დაკრედიტების სტიმულატორია, როცა ადამიანები ახალი სესხის აღებას და ძველი სესხების მომსახურებასაც უფრო ნაკლებ პროცენტში შეძლებენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები