ბარაქ ობამა: რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს
რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. “ნატო-ს ახალი მონაცემები ადასტურებს რუსეთის ჯარის ყოფნას უკრაინაში. კრემლი პასუხისმგებელია დონბასში ვითარების ესკალაციაზე”, – აღნიშნა ობამამ.
მისივე თქმით, სექტემბერში თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.
ამასთან, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეკრებილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს რუსეთის ქმედებები.
28 აგვისტოს დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან “გრადიდან” გაუხსნეს ცეცხლი. ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრად შეფასდა.