კახა კალაძე: ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე

“როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება, ერთი მაგალითი მოიყვანონ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დედაქალაქის მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმითვე, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება – “თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, არც ეგაა პრობლემა”, ანტიდასავლური არ არის.

„ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური? „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “დასანქცირდეს რუსი კალაძე” – ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერიასთან თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები