ჟვანიას სკოლაში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის განხორციელების მესამე ეტაპი დაიწყო
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის განხორციელების მესამე ეტაპი დაიწყო.
მუნიციპალური მართვის სპეციალიზებულ კურსს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი 21 საჯარო მოხელე გაივლის ნინოწმინდის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან. მუნიციპალური განვითარების კურსი მოიცავს სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის კომპონენტს, რომლის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკას გაივლიან იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში და კონკრეტული მიმართულებებით გაიზიარებენ გამოცდილებას. მათ ასევე ჩაუტარდებათ ენობრივი უკუკავშირის შეხვედრები, გაეცნობიან დარგობრივ ლექსიკას, შეისწავლიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და გაივლიან მოდულებს ,, საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში’’ და ,,მუნიციპალური მართვა’’.
კურსის ფარგლებში გაიმართება თემატური ვორქშოპები და კულტურული ღონისძიებები. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მიზანია მონაწილეს განუვითარდეს ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციები, ხელი შეეწყოს სამსახურებრივ/სამუშაო სივრცეში სახელმწიფო ენის გამოყენებას, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინტეგრაციას.