იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება განიხილა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიცირების საკითხს ეხება.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო იქნება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, კოდექსში ცვლილების შეტანა განპირობებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კიდევ უფრო გასამყარებლად და კანონპროექტის მიღებით საქართველოს საარჩევნო სისტემაში დამატებით ინერგება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება”.