ქალაქ ინეგოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს კულტურის სამინისტრომ ახალი სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ბაზაზე მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ახალი სასცენო სამოსი გადაეცა.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის მარმარილოს ზღვის რეგიონის კავკასიურ-ქართული დიასპორული ასოციაციების ფედერაციის შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით, ინეგოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს გადასცა სამინისტროს გრანტით შეკერილი სასცენო სამოსი – „მთიულურის“ 15-15 კომპლექტი გოგონებისა და ვაჟებისთვის.
ღონისძიებაზე ინეგოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის ახალი თაობის წარმომადგენლებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.
„ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი შეკერა რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, ქ. ინეგოლის ანსამბლისა და „სათანაოსთვის“.
ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
თურქეთის ქალაქ ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაცია (İnegöl Kafkas Foklor Ve Kültür Derneği) 1977 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია ტრადიციული კულტურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ასევე – საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის განმტკიცებაში წვლილის შეტანა.
აღსანიშნავია, რომ ინეგოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის შექმნის დღიდან მოქმედებს, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ფესტივალის გამარჯვებულია.
ამჟამად ანსამბლს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 100-მდე აღსაზრდელი ჰყავს და თურქეთში აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
ინფორმაციისთვის: სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არაერთი პრობლემაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის სასცენო სამოსი არ გადაუცია. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი. 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსისთვის გამოყოფილია 150 000 ლარი. მოთხოვნა წარადგინა 20-ზე მეტმა ანსამბლმა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.