რუსუდან ღვინეფაძემ გვირგვინი დაადგა კაფკას ტექსტების ქართულად სრულად „ამეტყველებას“

ქართველ მკითხველს გერმანულენოვანი ლიტერატურის გაცნობაში მუდამ ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა ძლიერი მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც მე-20 საუკუნეში განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. იმ აღიარებული მთარგმნელების კვალდაკვალ, დღეს გვყავს გერმანული ენის ბრწყინვალე სპეციალისტები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენი მკითხველის თვალსაწიერის გამდიდრებას როგორც გერმანული კლასიკის, ასევე – თანამედროვე მწერლობის მიღწევებით. ახალი საუკუნის მთარგმნელთა გუნდში რუსუდან ღვინეფაძე ბუნებრივად წარმოჩნდა თავგანწირული შრომით და უჩვეულო ნაყოფიერებით. მან ბოლო ათწლეულში რამდენიმე საეტაპო წიგნი თარგმნა, მაგრამ სრულიად უბადლოა ის გარჯა, რომელიც მან გენიალური ფრანც კაფკას ქართულად სრულად ამეტყველებას შეალია.
ჩვენ ბოლო ხანებამდე არ გვქონია ქართულად მისი რომანი „ამერიკა”, ასევე – მოთხრობების სრული კრებული და დღიურები. ამ სამი წიგნის გამოცემით, რუსუდან ღვინეფაძემ გვირგვინი დაადგა, რომ კაფკა ქართულად სრულად თარგმნილიყო.
კაფკას დღიურები 1910 წლიდან იწყება და 1923 წელს წყდება, ანუ მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლით ადრე. რუსუდან ღვინფაძის მიერ თარგმნილი „დღიურები” გამომცემლობა „ალეფმა” დაბეჭდა. წიგნის რედაქტორია  ლეგენდარული მთარგმნელი – ელზა ახვლედიანი. უმალ თვალმისაპყრობი ყდის დიზაინი ეკუთვნის მარიამ ჭკადუას. წიგნს უძღვის გერმანისტ რეზო ზეინაბიშვილის ტექსტი, რომელშიც იგი პროფესიულად აანალიზებს მთარგმნელის შრომას, რომელიც ემყარება უზარმაზარ გამოცდილებას, გემოვნებას და დედნის წიაღში მყარად მყოფობას. მწერლის მთელი შემოქმედების და მხატვრული ოსტატობის უზადო ცოდნას.
უზარმაზარ წიგნში, რომელიც 500-ზე მეტ გვერდზე იშლება, კაფკას შემოქმედების მცნობი მკითხველი ამჯერად მის ყოველდღიურ ჩანაწერებს წაიკითხავს. მისი გენიალობა ისაა, რომ ამ რიგის ტესტებშიც კი, რომლის გამოქვეყნება არასოდეს უფიქრია ავტორს, ჩანს მისი ხასიათის უკიდურესი თავისებურებანი, საკუთარ თავის და სხვების შეფასებებში ის არის უაღრესად კრიტიკული და მოურიდებელი.
„განმიმტკიცდა რწმენა, რომ ჩემი რომანის წერით (იგულისხმება რომანი „ამერიკა”) მწერლობის სამარცხვინოდ დაბალ საფეხურზე ვიმყოფებოდი. მხოლოდ ასე შეიძლება წერა, მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, როცა სული და ხორცი მთლიანად გაშიშვლებულია”.
„დევიდ კოპერფილდის” ავტორზე იგი მაღალი აზრისაა და მის მწერლურ გავლენაზეც საუბრობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მის მანერულობას, ხელოვნური თარგების გამოყენებაზე ისაუბროს.
„დიკენსის სიმდიდრე და მისი თხრობის მძლავრი, დაუცხრომელი ნაკადი, თუმცა ამასთან ერთად, საოცრად დუნე ადგილები, სადაც ის ქანცგამოლეული, უკვე მიღწეულს მხოლოდ ერთმანეთში ურევს. უგულობა, რომელიც გრძნობამოჭარბებული მანერების მიღმა იმალება. დაუმუშავებელ ხასიათთა ეს ბლოკები, რომლებიც ხელოვნურადაა მორგებული თითოეულ ადამიანზე”.
ამგვარი უკომპრომისობა და საკუთარი აზრის გამოთქმის იშვიათი გულწრფელობა აქცევს ფრანც კაფკას დღიურებს მსოფლიო ლიტერატურის რჩეულ ნიმუშად, რომელიც ამიერიდან ქართულ ენაზეც მოგვეპოვება.
მადლობა დაუღლელ და ხელხვავიან მთარგმნელ რუსუდან ღვინეფაძეს, რომელმაც თავისი 15-თვიანი შრომის შედეგით სულ უფრო დაგვაახლოვა დიდი მწერლის სამყაროსთან და საგრძნობლად გააფართოვა ჩვენი წარმოდგენა მის მწერლურ ფენომენზე.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები