ნინო წილოსანი და ბაია კვიციანი მოსწავლეებს შეხვდნენ
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი – ბაია კვიციანი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრები მოსწავლეებს ესაუბრნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, ქალების როლზე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, თანასწორობის მნიშვნელობაზე, დისკრიმინაციის ფორმებზე, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა ჩართულობასა და ამ კუთხით საბჭოს მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევებზე. ასევე, გენდერულ კვოტირებასა და გენდერულ სტერეოტიპებზე. საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ყოველკვირეულად გაიმართება.
„საბჭოს ინიციატივაა, შევხვდეთ ბავშვებს და გავაცნოთ გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული პრინციპები, რაც მნიშვნელოვანია. ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობაა, რომელიც გათავისუფლებულია სტერეოტიპებისგან, თუმცა, შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება თავიანთი მიდგომებით, განვითარებით და აქტივობით. ამიტომ, ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და მათ შორის ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სწორი განვითარებისთვის”, – აღნიშნა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ.