„ქართული ისლამური მემკვიდრეობის ძეგლები აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში“

24 აპრილს, 18 საათზე „კავკასიური სახლის” პროექტი – „კულტურის კალენდარი” უმასპინძლებს საღამოს – „ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე გაიმართება ნესტან ბლუაშვილის წიგნის – „მეჩეთები სამცხე-ჯავახეთში – საქართველოს ისლამური კულტურული მემკვიდრეობა“ წარდგენა (გამომცემლობა „არტანუჯი”).
გამოცემის მიზანია, დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძალზე საინტერესო და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი – ისლამური საკულტო ძეგლები. ეს ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მეჩეთების შესახებ ზოგად ინფორმაციასა და შესაბამის ფოტომასალას. წიგნს ახლავს მცირე ნარკვევი საქართველოს ტერიტორიაზე ისლამის გავრცელების ისტორიის შესახებ; მოყვანილია აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის მკვიდრ, ქართველ მუსლიმ და ქრისტიან თემთა შორის კეთილმეზობლური თანაცხოვრების შესახებ არსებული საინტერესო ცნობები.
ნაშრომის მთავარი ნაწილი რეგიონის მეჩეთების შესახებ ერთგვარი საცნობარო ინფორმაციაა, მცირე აღწერილობითა და ილუსტრაციებით. აქვეა წარმოდგენილი დღეისათვის უკვე დანგრეული მეჩეთების მცირე ნუსხაც. უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის ისლამური საკულტო ძეგლების შესახებ კვალიფიციური კვლევა ჯერაც არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მომავალში კვლავ გამოვლინდეს ცალკეული ნაგებობები ან ნაშთები. ამიტომ, ამ მიმართულებით, გამოცემას სისრულის პრეტენზია ვერ ექნება.
წიგნში წარმოდგენილი მეჩეთების უმრავლესობა აგებულია ქართველ მუსლიმთა მიერ, მათი სახსრებითა და მონაწილეობით, ქართული არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებით. სამხრეთ საქართველოს ცალკეულ სოფლებში, გვიანი შუა საუკუნეებიდან, მცირე რაოდენობით, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც სახლობდნენ. ნაშრომში შესულია მათ მიერ აგებული რამდენიმე სალოცავიც, რომლებიც, სხვათა შორის, ასევე განიცდის ადგილობრივი ტრადიციების დიდ გავლენას.
ალბომში გამოყენებულია ხატია ბლუაშვილის ფოტოები.
პარალელურად გამოიფინება „სოლიდარობის თემის” მიერ მომზადებული ნამუშევრები, აჭარაში არსებული ხის მეჩეთების ფოტოები.
„მოგეხსენებათ, რომ აჭარის რეგიონში ადგილობრივებისა და ლაზი ოსტატების მიერ აგებული ათობით საუკუნოვანი ქართული ხის მეჩეთია, რომლებიც ინგრევა და დღეს ზოგი მათგანის ნაკვალევიც კი აღარ დარჩა (მაგალითად, აბუქედას, დოლოგანის, ვარჯანისის, კვაშტისა და წონიარისის მეჩეთები ქედის მუნიციპალიტეტში.)
სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში არსებული მეჩეთები უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან ესაჭიროებათ აღიარება, დაცვა, რესტავრაცია და სათანადო პოპულარიზება.
უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის თვალხილული გახდეს ეროვნული ქარგის ეს შეუმჩნეველი ნაწილი, რომელთა გადარჩენას დაუყოვნებლივი ერთიანი საზოგადოებრივი რეაგირება ესაჭიროება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის მასალები მოამზადდა „კავკასიური სახლისა“ და People In Need-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები