ცესკოს თავმჯდომარემ საფრანგეთის ელჩთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გიორგი კალანდარიშვილმა საფრანგეთის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო აცრცელებს.

მათივე ცნობით, ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს მხარეებმა იმსჯელეს, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იყო.

„გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ეს იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით დადებითი მხარეებისა თუ გამოწვევების გამოვლენა და შესწავლა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის 2024 წელს პარლამენტის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის შესახებაც ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა გამოხატა ინტერესი 2024 წლის არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

გიორგი კალანდარიშვილისა და შერაზ გასრის შეხვედრა დღეს საფრანგეთის საელჩოში გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები