„ათინათის“ კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას უმასპინძლებს

 19 აპრილიდან ფონდ „ათინათის“ კულტურის ცენტრი უმასპინძლებს ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას – „სახარებები“. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემა.

ვიდეოინსტალაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ, დაათვალიერა.
„ყველა მსურველი შეძლებს, ი. ფარჯიანის „სახარებების“ ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ნახოს. რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო ეს ნამუშევარი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს; უნიკალურია ფერთა გამაც, რადგან გამოყენებულია ირაკლი ფარჯიანის აღმოჩენილი სპეციალური ტექნიკა.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ის ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.

„სახარებები“ შუა საუკუნეების გავლენას განიცდის და, იმავდროულად, თანამედროვე კულტურის ტენდენციებსაც გამოხატავს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. ირაკლი ფარჯიანმა საბჭოთა საქართველოში შექმნა სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგი დღემდე არ არსებობს.
გამოფენა კულტურის ცენტრში 23 აპრილამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები