ათენი ქართველი ემიგრანტი პოეტების პოეზიის მესამე ფესტივალს უმასპინძლებს
23 აპრილს ათენი, ქართველი ემიგრანტი პოეტების პოეზიის მესამე ფესტივალს უმასპინძლებს. ინფორმაციას ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელი, დარეჯან ღამბაშიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„23 აპრილს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენი ემიგრაციისთვის, კიდევ ერთი ულამაზესი და განსხვავებული საღამო დაიგეგმა. „ქართული სახლი“ და საკვირაო სკოლა, ქართველი ემიგრანტი პოეტების პოეზიის რიგით მესამე ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც ჩვენს დედაენას მიეძღვნება.
პროექტი დაგეგმილია „ქართული სახლის“ მიერ. ამ დღეს, ჩვენს ემიგრაციას ესტუმრებიან სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული პოეტები და ცნობილი ადამიანები. ისინი ეზიარებიან, ჩვენს არამატერიალური ძეგლის, დედაენის დღის უკვდავსაყოფ ღონისძიებას. დედაენა, ჩვენი უნიკალური წიგნია, ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი, ყველასათვის ახლობელი და ყველას მასწავლებელი. დედაენის მესამე ფესტივალზე, თქვენს წინაშე წარდგება ჰერეთიდან, ანსამბლ „ჰერულას“ მომღერალი, გიორგი პაპიაშვილი.
პირველად ნახავთ ფერეიდანში 400 წლის წინ ტყვედ წაყვანილი ქართველების მე-16 შთამომავალს, ფერეიდანში გამოცემული დედაენის ავტორს, ბატონ სოსო მიქელაძეს.
ჩვენი სტუმრები არიან ინგლისიდან და ირლანდიიდან, ჩვენი საყვარელი პოეტები: ხათუნა შავგულიძე და სოფო ფოცხვერაშვილი. იტალიიდან ჩამობრძანდება ახალგაზრდა პოეტი ქალი, მარი კუბლაშვილი. სომხეთიდან – ნინო სპანდერაშვილი, კანადიდან, ჩვენთვის კარგად ცნობილი საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის თავმჯდომარე, ნუნუ ღურჭუმალიძე.
საქართველოდან მოემგზავრებიან ახალგაზრდა პოეტები: გიგა მუჭაური და ლევან კესიდი. ჩვენი სტუმარი იქნება ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენების სკოლის ქართული ენის ლექტორი, ელინისტი, ფილოლოგიის დოქტორი თეონა ბერიძე.
პოეზიის ფესტივალზე, ჩვენი საპატიო სტუმარი იქნება მწერალი და პოეტი, პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ეს დღე კიდევ ერთ ბრწყინვალე ფურცელს გადაშლის ჩვენი ემიგრაციის მატიანეში. ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსკლუზივ TV და ჟურნალი „ემიგრანტი ქალი”.
ნუ გამოაკლდებით საქართველოდან შორს მოღვაწე, ჩვენს დედაენაზე შეყვარებულ ქართველ პოეტ ქომაგებს. მოწმე და მონაწილე გახდით, უფლის ენაზე ამოკვნესილი ქართული დედაენის გონების ძალისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.