„ჯეო სქაის“ ვიცეპრეზიდენტი – სუდანში მყოფ ქართველებზე: თუკი იქნება გამოფრენის ნებართვა, შეგვეძლება – ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანოთ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე, საქართველოს სახვა მოქალაქეები
თუკი იქნება გამოფრენის ნებართვა, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანოთ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე, საქართველოს სახვა მოქალაქეებიც, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში „ჯეო სქაის“ ვიცეპრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.
„ჩვენი ოცი თანამშრომელი იმყოფება ახლა სუდანში. ძირითადად, ისინი არიან მფრინავები, ბორტგამყოლები. ველოდებით, მხარეები იქნებ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მოეწყოს დერეფანი და, შესაბამისად, [განხორციელდეს] ევაკუაცია. ყველა თავის საცხოვრებელ ადგილას იმყოფება, შესაბამისად, არიან უსაფრთხოდ. თუკი იქნება გამოფრენის ნებართვა, რა თქმა უნდა, შეგვეძლება – ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანოთ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე, საქართველოს სახვა მოქალაქეებიც. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, შეწყდეს ცეცხლი და მოგვეცეს გამოფრენის უფლება. სხვა შემთხვევაში, ან „გაეროს“ დახმარებით ან საელჩოს დახმარებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და შეიძლება მოხდეს სახმელეთო გზით ევაკუაცია“, – აღნიშნა კიკნაძემ.
სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.