„აპოკრიფული სადღეგრძელოები“ – ქეთო ნინიძის წიგნის წარდგენა გაიმართება

18 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქეთო ნინიძის წიგნის – „აპოკრიფული სადღეგრძელოების“ წარდგენა გაიმართება.
„აპოკრიფულ სადღეგრძელოებში“ შეკრებილია როგორც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული, ჟურნალისტური ნარკვევები პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის კულტურაზე, აგრეთვე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ესეები, სადაც ავტორის, როგორც ღვინის მწარმოებლის, უაღრესად პერსონალური და, ამასთანავე, მეტად პოლიტიკური ამბებია მოთხრობილი.
წიგნში თავმოყრილია ჟანრობრივად ეკლექტური ტექსტები, რომლებსაც ავტორმა „მოთრობები“ უწოდა. „მოთრობები“ (თრობა) იმპრესიონისტული ტექსტებია. ღვინის მწერლობის კლასიკური ტრადიციების ნაცვლად, მოთრობები მოდერნისტული, ცნობიერების ნაკადის ლიტერატურული გამოცდილების გაგრძელებაა, ამ ტექნიკის ღვინის მწერლობასთან დამეგობრების საინტერესო მცდელობა.
ქეთო ნინიძე განათლებით ფილოლოგია. ღვინოზე წერა მან 2015 წლიდან დაიწყო და არის სამი წიგნის ავტორი ვაზისა და ღვინის საკითხებზე – „მეღვინეობის პროფესიული უნარები საქართველოში“, „ნელი დუღილი“ და „აპოკრიფული სადღეგრძელოები“. 2016 წლიდან ქეთო ნინიძემ მარტვილში დააფუძნა მცირე მარანი „ოდა“, რომელიც წლებია, პოპულარიზაციას უწევს დასავლეთ საქართველოს ვაზის იშვიათი ჯიშების ღვინოებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები