ეროვნული გალერეა ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ჩინგიზ ფარზალიევის, პერსონალური გამოფენა – „დროის საფეხურებზე”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენისათვის გამოიცა ამავე სახელწოდების კატალოგიც. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი მდიდარი კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებითა და ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით. გამოფენა „დროის საფეხურებზე” უნიკალური შესაძლებლობაა, მხატვართან ერთად ხელახლა განვვლოთ მისი შემოქმედების სამოცწლიანი გზა. ეს საგამოფენო პროექტი ხელოვანის თავისებური აღსარებაა. ქრონოლოგიური პრინციპით აგებული ექსპოზიცია თითქოს ახმოვანებს მის ნაფიქრ-ნააზრევს XX საუკუნის 60-იან, 70-იან, 80-იან, 90-იან წლებსა და ახალი მილენიუმის დასაწყისში და გამოხატავს მხატვრის შინაგან განცდებს. ჩინგიზ ფარზალიევის შემოქმედების საფუძველია სურვილი, გვიამბოს აზერბაიჯანის მრავალსახოვან მხატვრულ მემკვიდრეობაზე და გვაჩვენოს მისი ადგილი მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში. ხელოვანი ცდილობს, გაგვაცნოს მხატვრული ენის უმნიშვნელოვანესი „ათვლის წერტილები”, რომელთა ცოდნის გარეშე შეუძლებელია მხატვრის წარმატება.
გამოფენა „დროის საფეხურებზე” ჩინგიზ ფარზალიევს გვაცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე ესაუბრება თავის მრავალრიცხოვან აუდიტორიას. გამოფენის გახსნამდე ჩინგიზ ფარზალიევმა ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გამართა. მხატვარმა ისაუბრა თავისი შემოქმედებისა და წარმოდგენილი ექსპოზიციის შესახებ. მან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას. ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან – აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი. გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე არაერთი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოს მფლობელია. ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო-ბიოგრაფიული ცენტრისა და ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი. მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მოღვაწის წოდება. ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ხელოვანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. იგი ასევე არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი; აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია დიდების ორდენით; ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი.
ამის გარდა, ჩინგიზ ფარზალიევი არის ათათურქის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ნიზამი განჯევის მედლით. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალურ გამოფენას 10 მაისამდე უმასპინძლებს.