ჩინეთში ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჩინეთში ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ე.წ. ფრინველის გრიპის – H3N8-ის დიაგნოზი დაუსვეს.

ამის შესახებ BNO News იტყობინება.

56 წლის ქალის ინფიცირების შესახებ განცხადება გუანდონგის პროვინციის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 26 მარტს გააკეთა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით გადაიყვანეს, მას ასევე ჰქონდა მრავალი სხვა ქრონიკული დაავადება.

ცნობილია, რომ ინფიცირებამდე ქალს შეხება ჰქონდა ცოცხალ ფრინველთან ბაზარში, ხოლო ბაზრიდან აღებული გარემოს ნიმუშები H3 ფრინველის გრიპზე დადებითი აღმოჩნდა. ამასთან, ქალის სახლიდან აღებული ნიმუშები უარყოფითი იყო.

H3N8 პირველად 2022 წლის აპრილში ჩინეთში ბავშვს დაუფიქსირდა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ქათმებსა და გარეულ იხვებთან. მაშინ ასევე ოჯახის შინაური ცხოველებიც დაინფიცირდნენ.

გასული წლის მაისში ვირუსი კიდევ ერთ ბავშვს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები