კულტურის სამინისტრო თამაზ ხუციშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
დღეს საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, ფერმწერსა და გრაფიკოსს – თამაზ ხუციშვილს 80 წელი შეუსრულდა.
„1966 წელს თამაზ ხუციშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკავშირო გამოფენებში. მხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში, კერძოდ რუსთაველის, მინიატურების თეატრის, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლები. 1988 წელს იყო პეკინის სამხატვრო ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან იყო საქტელერადიო კორპორაციის I არხის საავტორო გადაცემის – „უჩარჩოოდ” – წამყვანი.
თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სამხატვრო ფონდში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა და ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.
1993 წლიდან თამაზ ხუციშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდებას ატარებს. 1998 წელს გახდა ჩინეთის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენის (პეკინი) საუკეთესო მხატვარი. 1999-2000 წლებში მიიღო თბილისის საშობაო გამოფენის გრან-პრი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს თამაზ ხუციშვილს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.