მარინე მიზანდარი სამოქალაქო სექტორში მიდის
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი სამოქალაქო სექტორში მიდის, ის მუშაობას კულტურის სფეროში გააგრძელებს. როგორც „კვირას“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა განუცხადა, ის საქართველოს დატოვებას არ აპირებს. „ევროპიდან იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში მეცხოვრა და ჩემი საქმიანობით აქ მემუშავა. არსად წასვლას არ ვაპირებ. ცოტას დავისვენებ. დავფიქრდები, მოვლენებს გავაანალიზებ და სამოქალაქო სექტორში კულტურის სფეროს განხრით გავაგრძელებ მუშაობას“, – აღნიშნა მარინე მიზანდარმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას მეგობარია, კატეგორიულად უარყო მარინე მიზანდარმა. თუმცა, დაადასტურა, რომ „ევროპის სახლის“ პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
„გიგა ბოკერიას პირადად არ ვიცნობ, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ და არც „ქართული ოცნების“, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი. თავის დროზე თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის რეკომენდაციით დავინიშნე, თუმცა, ახლა საჭირო არ არის ამ ადამიანების ვინაობა გაგიმხილოთ“, – ამბობს მარინე მიზანდარი.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, მისი მოადგილის დაუმორჩილებლობის გამო, პრემიერ-მინისტრს მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დააკმაყოფილა.