ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტეს მასშტაბურ გამოფენაზე მუშაობა მიმდინარეობს

„თეა წულუკიანის ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერებმა ბრეტანიდან, კერძოდ კი, საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ ზოლტან ჟორდანიამ დედის უკლებლივ ყველა ნამუშევარი გადმოსცა ხელოვნების სასახლეს და ამით, როგორც თავად აღნიშნა, თამარ დე ლეტე დაუბრუნდა თავის მონატრებულ სამშობლოს.
ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო ბრაზილიაში სან პაულოს თეატრის მხატვარი.
აღსანიშნავია, რომ მან მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვისაც.
![]()

2023 წლის ნოემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. პროექტს კულტურის სამინისტროსთან ერთად საქართველოს ბანკი აფინანსებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
![]()
![]()

